ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობისთვის მთავრობა სესხს აზიის განვითარების ბანკისგან 26 წლის ვადით აიღებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 0.7 პროცენტია, შეღავათიანი პერიოდი კი, 11 წელი.
აზიის განვითარების ბანკი გზის მშენებლობას 415 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 558 მილიონი დოლარია, რომლის ნაწილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს, ნაწილი კი, ბიუჯეტის თანადაფინანსება იქნება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ მონაკვეთად. ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე უკვე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის, მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.