ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება [ვიდეო]

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი, 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე აღნიშნული გზის 13 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი.

აღნიშნული მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზისა და ექვსი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და ექვს მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორსა და მიმდებარე სოფლებში გავლა.

„ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას“, – აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.