ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის გვირაბზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც მალავენ, ხუმრობით რომ ვთქვა, შეიძლება, მათმა მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ 
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის გვირაბზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც მალავენ, ხუმრობით რომ ვთქვა, შეიძლება, მათმა მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ 

მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ინფორმაცია არ გაავრცელა ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრაზე, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას.

„დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა, შემოვლითი ავტობანი. ეს არის 9 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს. ასევე, ბუნებრივია, ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ამ შემოვლითი გზის გახსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქს მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობას. გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი. სათანადო ვადებში სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება. საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის. მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის განვითარება, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.

რამდენიმე დღის წინ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა. მე მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ, მაგალითად, ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება. შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. სერიოზულად კი, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა, მთავარი სწორედ ამ ქვეყნის განვითარებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.