ქუთაისში საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივითა და ქუთაისის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს პირველი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში ასევე ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო ჩაერთო.
ღონისძიებაზე გამოიფინა მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეიძინეს.
საქველმოქმედო ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ფოტოების გაყიდვით შეგროვილი თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედი საღამო წელს მეოთხედ გაიმართა.
საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სოფო ბობოხიძე 2016 წელს გარდაიცვალა.