ქუთაისში „ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში „ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ტ.ა. ქუთაისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.