საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი, 41.3 კმ-იანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს მინისტრი კომპანიებს შეხვდა და პროექტის სატენდერო პირობები გააცნო.
არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება ისე, რომ ავტომობილების ერთი მიმართულებით მოძრაობა ისევ ქუთაისის გავლით ხდება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დონორი ორგანიზაციების მხრიდან მათი პარამეტრების გათვალისწინებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული დატვირთვის გამო, დაფინანსდა მხოლოდ ორზოლიანი გზის მშენებლობის პროექტი, შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამატებითი ახალი ორზოლიანი გზის მშენებლობა მთლიანად ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. ტენდერი მშენებლობაზე უახლოეს ორ დღეში გამოცხადდება.
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშნებლობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.