ქუთაისის საკრებულოსთან დეპუტატ ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ქუთაისის საკრებულოსთან დეპუტატ ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე“, „დატოვოს დეპუტატის მანდატი ნანა კოსტავამ“, „ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია,“- ამ სლოგანებით ქუთაისის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დას, სოციალური მედიის მენეჯერს, სალომე ბარკერს ეხებოდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატმა საჯარო სტრუქტურა უნდა დატოვოს.

​აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ლატარიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი.

მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ და ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიამ. მისი თქმით,  ნანა კოსტავას შესახებ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ გუნდში მსჯელობის შემდეგ მიიღებს.

„ვიზიარებ იმ დიდ ტკივილს და ვემიჯნები განცხადებას. ვიმსჯელებთ გუნდში, რა ფორმით გავცეთ პასუხი მოთხოვნას. ნანა კოსტავა არის კონსერვატიული პარტიის წევრი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ამიტომ გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი“, – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.