ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოში უცხოური მედია პრესტურით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება და, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე სხვადასხვა სტატიასა და სიუჟეტს მოამზადებენ.
„ქუთაისის აეროპორტი ბევრად ლამაზია და გაცილებით დიდია, ვიდრე 2019 წელს იყო, როცა პირველად მოვხვდი ამ აეროპორტში. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეცვლილა. ულამაზესი დიზაინის აეროპორტი გაქვთ“, – განაცხადა ამერიკული გამოცემა Forbes-ის ჟურნალისტმა, ჟორესა ლეტა ბლაუნტმა აეროპორტის დათვალიერებისას.
საერთაშორისო ჟურნალისტებს ქუთაისის აეროპორტის დირექტორმა, გაგა სანიკიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ასევე, გააცნო ის სამომავლო სიახლეები, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმავს.
საერთაშორისო მედიამ პრესტურის ფარგლებში თბილისი დაათვალიერა, „აბრეშუმის ფორუმის“ გაშუქების შემდეგ კი დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა, გზად გორის ელექტროსადგური მოინახულა, შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ესტუმრა. მოგვიანებით კი ენგურჰესის კაშხალს დაათვალიერებენ, ფოთის პორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან და ბათუმში გადაინაცვლებენ.