ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანის შექმნაზე IATA იმუშავებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით, თბილისში სამდღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში IATA-მ გაიმარჯვა.
მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ის პროექტია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების ისტორია უკვე დაწერა. ეს არის აეროპორტი, საიდანაც ევროპაში საქართველოდან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება და ვფიქრობთ, შეგვიძლია, მომავალ წლებშიც წარმატებით ვფოკუსირდეთ ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც არამხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო ხუთ, ათ და 20-წლიან პერსპექტივაში.
საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს. ასევე, მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.