ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით აშენდა
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით აშენდა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ვარგისიანობის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დასკვნა ადასტურებს, რომ ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით აშენდა.

მიმდინარე წელს, საცხოვრისში რამდენჯერმე ჩამოინგრა ჭერი, დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები.

იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქუთაისის მერიას პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა.

სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, კანონის შესაბამისად, ქუთაისის მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

პარალელურად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შემსრულებელ კომპანია შპს „სანის“ მიმართა, რათა უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და აღმოფხვრას არსებული ხარვეზები.