ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად სასხვენო გადახურვა დაიწვა
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად სასხვენო გადახურვა დაიწვა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და ათამდე მაშველი. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე მისვლისას მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე ხანძარი იყო. ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, შვიდი ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.