ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი-მილანის ავიარეისს დღეს შვიდი საათით გვიან შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 16:10 საათის ნაცვლად, რეისი 23:10 საათზე შესრულდება. ამის მიზეზი ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულებაა.
„მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ უზრუნველყოფს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის რეისი დაგეგმილ დროს ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შესრულდა. ფრენა დილის 06:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. როგორც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარზე“ დაყრდნობით განაცხადეს, თვითმფრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც, ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითმფრინავი მწყობრშია. რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით, ის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.