ტყიბულში ქურთუკების ფაბრიკის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ ცნობილი ჩინეთში, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახდა. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველ გამოფენასა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმში.
ქურთუკების წარმოების შესახებ ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ საინვესტიციო კომპანიას შორის გაფორმდა.
როგორც ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში განიხილება სამი ლოკაცია, თუმცა დიდი ალბათობით საბოლოოდ არჩევანი სწორედ ტყიბულზე შეჩერდება.
„ორწლიანი მუშაობის შემდეგ, დღეს საბოლოოდ მოეწერა ხელი ხელშეკრულებას. ეს წარმოება ჩინეთში უდიდესია, ეს კომპანია კი მთელი ჩინეთის 60%-ს ამარაგებს. პირველ ეტაპზე დაახლოებით 200-300 ადამიანი დასაქმბდება, რომლებიც გაივლიან სპეციალურ ტრენინგს. აშენდება ახალი ფაბრიკა და აღიჭურვება უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიით. ამ კომპანიას აქვს ხელშეკრულებები არამარტო ჩინურ, არამედ ბევრ ცნობილ ბრენდთან და ეს კონტრაქტები, რომელიც ამ საწარმოს გააჩნია შესრულდება საქართველოში.
ეს კი მნიშვნელოვანია, რომ დასაქმდება ხალხი და შეიქმნება დამატებითი მშპ. ამასთან, ეს იქნება სტიმული ახალი საწარმოებისთვის ანალოგიური ან სხვა მიმართულებით, რათა მათ დაინახონ, რატომ არის კარგი ინვესტირება საქართველოში. ზუსტად არ მინდა თქმა ლოკაციის, ერთ-ერთი ვარიანტი არის ტყიბული, რაც ჩვენ მეტად გვინდა, რადგან ტყიბულში მოგეხსენებათ შახტებში უფრო მამაკაცები არიან დასაქმებული და ქალებს ნაკლებად აქვთ დასაქმების საშუალება, ამიტომ ჩვენ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მოვინდომეთ. ამ დროისთვის არსებობს სამი ლოკაცია, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება ტყიბულში“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ
ჩინური საინვესტიციო მენეჯმნეტ კომპანია „ძიანსი ხუაჭაოს“ ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გამო გადაწყდა.
„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, აქედან გამომდინარე აქვს უნიკალური თავისუფალი ვაჭრობა როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან.
ამავდროულად, საქართველო სთავაზობს ინვესტორს ყველა ხელსაყრელ პირობას ინვესტირებისთვის, აქედან გამომდინარე ორწლიანი კვლევების შემდეგ საქართველო ამოვარჩიეთ, სადაც ჩვენს პროექტს განვახორციელებდით. პროექტი ეხება დუტი ქურთუკების წარმოებას და მის გაყიდვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა საინვესტიციო მენეჯმნეტ კომპანია „ძიანსი ხუაჭაოს“ ხელმძღვანელმა ლიუ ძინინიმ.