ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ათივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა.

დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და ნაწილის შემთხვევაში, გირაოს სახით თანხის გადახდა, ნაწილისთვის კი აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.