ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ქობულეთის მერიის სამ თანამშრომელს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა
სამი დღის წინ დაკავებული ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.
ქობულეთის მერიის თანამშრომლებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება.
ისინი სოფელ საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და საკუთარ სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებელი კომპანიებისგან ქრთამის სახით 500-დან 1000 ლარამდე თანხა აიღეს და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე რეაგირება არ მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.