ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 26 პირს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი შენიშვნა მიეცა
ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 26 პირს ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი შენიშვნა მიეცა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პროცესი დასრულდა.

სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, განხილული იყო 29 პირის საქმე. 26 მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ერთი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლდა, ორი პირის პროცესი კი, 4 და 10 ივნისისთვის გადაიდო.

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები, რომლებმაც გუშინ სწორედ ამ ორი პირის გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს აქცია, ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ, თუმცა როდის და რა ფორმით, ჯერჯერობით ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გუშინ გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ის ინფორმაციით მომხდარის გამო 30 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის საქმეზე გუშინ კადრები გაასაჯაროვა, სადაც მათივე ცნობით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის გამოც ბათუმში ორი პირი დააკავეს.