ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება

ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„გასული წლის მაისში დაიწყო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. 2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმ-მწარმოებლებს შორის შედგა თანამშრომლობა, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობა ფარმ-მწარმოებელი კომპანიებისათვის სოციალურ-კორპორაციულ პასუხიმგებლობას ითვალისწინებდა.

ამ ერთობლივი პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს. აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ნაწილი უკვე განახევრდა, თუმცა მომავალი კვირიდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი დღემდე მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის გაფართოების მიზანია პენსიონერთა და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდეს, ან მესამედი გახდეს.