ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. თავდაპირველად ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში ბავშვს მუცლის ღრუს ოპერაცია გაუკეთეს, საღამოს კი ბათუმში გადაიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„როგორც კი ქობულეთში მუცლის ღრუს ოპერაცია დასრულდა და ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ის ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადმოვიყვანეთ, რადგან აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობები. მას ნეიროქირურგების ჩარევა დასჭირდა. ურთულესი ოპერაციის შემდეგ, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გარდა ამისა, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება, რადგან აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შემთხვევა დღეს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი – ცოლ-ქმარი, მათი ათი წლის შვილი და ნათესავი. ბავშვი, რომელიც ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია, გარდაცვლილების მეორე შვილია.