ქობულეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა
ქობულეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბნიდან ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო კარანტინში პოლიციამ გადაიყვანა.

მამაკაცი გერმანიიდან რვა დღის წინ დაბრუნდა. მამა ამბობს, რომ თვითიზოლაციაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

„რვა დღის წინ ჩამოვიდა გერმანიიდან, სახლში იყო, ოჯახის წევრებთან კონტაქტი როგორ არ ექნებოდა, მეზობლებთანაც ჩამოდიოდა. არაფერი სჭირს, არც სიცხე ჰქონდა. თქვა, რომ საზღვარზე შემოწმება გაიარა და რა გითხრათ, უცებ დაადგნენ და წაიყვანეს. თუ კარანტინია საჭირო, იქნება კარანტინში“, – განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცის მამამ, რომელიც მეზობლებთან ჩვეულებრივად კონტაქტობს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან ცხრა მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.