ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საქართველოში 66-ე ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი აჭარაში მეოთხეა. თეა წულუკიანის განცხადებით, მალე ანალოგიური ცენტრები ხულოსა და ქედაში, მოგვიანებით კი ხელვაჩაურშიც გაიხსნება.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს. ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 50 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.