ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ანთაძე სამართალდამცველებმა 29 მარტს საადვოკატო კომპანიის ოფისში დააკავეს.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ დაკავების ფორმა დაასახელა, რაც მოსამართლის შეფასებით, დარღვევა იყო.
ბრალდებულის დაკავება ორი დღის წინ ბათუმელმა ადვოკატებმაც გააპროტესტეს და პოლიცია ადვოკატების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ბრალდებული ადვოკატთან სწორედ იმიტომ მივიდა, რომ პოლიციის განყოფილებაში საკუთარი სურვილით გამოცხადებულიყო. თუმცა, სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღების შემდეგ მოვლენებს დაასწრეს.
შემთხვევა 27 მარტს ქობულეთში მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელი ახალგაზრდების გაშველების დროს დაშავდა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.