ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. 21 წლის გიორგი ანთაძე ბათუმში, ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის ოფისში აიყვანეს, რასაც ახლობლების პროტესტი მოჰყვა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას და ჩვენების მიცემას, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.

“გიორგი ანთაძე დღეს გამოცხადდა ოფისში, რათა ჩაბარებულიყო. მე დავურეკე პოლიციის სამმართველოს, ვაცნობე გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ პოლიციამ არ გვაცალა სამმართველომდე მისვლა და დაგვასწრო. გიორგის ბრალი პოლიციაზე თავდასხმაში ედება, თუმცა არ ვეთანხმებით“, – განაცხადა გიორგი ანთაძის ადვოკატმა, პაატა ნაკაიძემ.

შემთხვევა ქობულეთში ორი დღის წინ მოხდა. დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველების დროს ორი პოლიციელი დაშავდა. ერთი პირი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.