ქობულეთში მცირე სასტუმროების მეპატრონეთა ნაწილი სესხების ერთი წლით გადავადებას ითხოვს
ქობულეთში მცირე სასტუმროების მეპატრონეთა ნაწილი საბანკო სესხების ერთი წლით გადავადებას ითხოვს. მოთხოვნები მათ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე გამოთქვეს.
შეხვედრაზე სასტუმროების მეპატრონეებს ტურიზმის სექტორში დაზარალებული მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა გააცნეს. სახელმწიფო მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სთავაზობს. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ლარში სესხების პროცენტის 80 პროცენტს, უცხოურ ვალუტაში კი, 70 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.
„ეს არ არის შეღავათი. აღნიშნული დახმარება გაჭირვებულებს გადაეცით. სერიოზულად დავზარალდით, ერთი წლით გადაგვივადეთ სესხები“, – განაცხადა შეხვედრაზე ერთ-ერთმა მეწარმემ.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფო ტურიზმის სექტორში დაზარალებულებს იმ წინადადებას სთავაზობს, რისი საშუალებაც აქვს, თუმცა პროგრამის მსვლელობას დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მექანიზმებიც ამოქმედდება.
„სახელმწიფო კომერციული ბანკების ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათთან და იმედი მაქვს, დაზარალებულებს მაქსიმალურ შეღავათს გაუწევენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მეწარმეთა ნაწილი შეთავაზებით კმაყოფილია და ამბობს, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირება მათთვის შეღავათი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს შეხვდნენ და მთავრობის ახალი ინიციატივის – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დეტალები გააცნეს.