ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროების მფლობელებს შეხვდნენ
ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროების მფლობელებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს შეხვდნენ და მთავრობის ახალი ინიციატივა – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ გააცნეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო, სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები შეექმნათ. პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმიდან, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.

„აღნიშნული მექანიზმი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. მას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტო მოახდენს 2019 წლის პირველი აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის  თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში. თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის-გაფართოების-აღჭურვის-რემონტის მიზნობრიობით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს ოთხიდან 20-მდე ნომერს“, – განაცხადა ნათია თურნავამ

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.