ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას EBRD-ი 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს
ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას EBRD-ი 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს. EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ახალი ნაგავსაყრელის აღჭურვის პარალელურად, დაიხურება ბათუმის მოქმედი არასტანდარტული ნაგავსაყრელი.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

„მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტი აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაფინასებულია EBRD-ის და SIDA-ს მიერ. ეს პროექტი რეგიონს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს გარემო სტანდარტებთან შესაფერისი ნაგავსაყრელი. ძალიან გვიხარია, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია. დარჩა მხოლოდ მისი ტექნიკური აღჭურვა. ასევე, ამ პროექტის მთავარი ნაწილი არის ძველი ნაგავსაყრელის დახურვა, რომელსაც ბათუმზე, მთელ ქალაქზე ჰქონდა ძალიან ცუდი გავლენა“, – განაცხადა ჰანსენმა.

შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.

მყარი ნარჩენების მართვის უკვე დასრულების ფაზაში მყოფი პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.