ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო ზონებში დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, შეზღუდვების შერბილებისა და მოხსნის საფუძველი რეგიონში არსებულმა სიტუაციამ შექმნა.
დილიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე მოხდა საკონტროლო-გამშვები პუნქტის დემონტაჟი. სრულად აღდგა ოთხ სოფელში საავტომობილო მოძრაობაც.
როგორც მირიან ქათამაძემ აღნიშნა, პრევენციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 33 788, ხოლო ტესტირება 520 პირს ჩაუტარდა.
„უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან იხსნება საკარანტინო რეჟიმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება გულისხმობს საკარანტინო რეჟიმის სრულად მოხსნას და შეზღუდვების გაუქმებას. ამ გადაწყვეტილების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა იმ სიტუაციის ანალიზი, რომელიც ახლა არის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით. საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა. 33 788 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან მხოლოდ 32 იყო საყურადღებო შემთხვევა და არ დადასტურდა კოვიდინფექცია.
შესაბამისად, მეორე საინკუბაციო პერიოდი უახლოვდება დასასრულს. 28 დღე გადის პირველი ინფექციის დაფიქსირებიდან და ახალი შემთხვევები ერთ კვირაზე მეტია, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით აღარ გვაქვს“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.