ქობულეთის მერი - ახალი შემთხვევები იმ პირთა წრიდანაა, რომლებზეც მკაცრი მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება იმ პირთა წრეში, რომლებზეც მკაცრი მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სკრინინგის შედეგად დაახლოებით 5 600-ზე მეტი პირი შემოწმდა და ეს პროცესი გრძელდება.
ქობულეთის მერის განმარტებით, ამჟამად, საყურადღებოა 21 პირი, მათგან 13-ს ტესტი უკვე ჩაუტარდა, თუმცა ინფექცია არ დაუდასტურდათ.
„სიახლე გვაქვს ის, რომ ე.წ ქობულეთის კლასტერიდან გვაქვს ოთხი ახალი შემთხვევა და ამ მონაცემებით, ქობულეთის კლასტერიდან დაინფიცირებულების რაოდენობა შეადგენს 29-ს, მაგრამ ასევე საყურადღებოა, რომ ისევ და ისევ ახალი შემთხვევები არის იმ პირთა წრიდან, რომლებზეც უკვე მიმდინარეობს მკაცრი მეთვალყურეობა. შესაბამისად, ეს არის კინტაქტების პერსონები,სკრინინგის შედეგად დაახლოებით შემოწმებული იქნა 5600-ზე მეტი პირი და სკრინინგი ახლაც გრძელდება. 21 პირი არის საყურადღებო. ამ საყურადღებო ადამიანებიდან, 13 არის უკვე გატესტილი და სასიხარულოა, რომ ცამეტივეზე არის უარყოფითი პასუხი“ , – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ამასთან, ქათამაძე ამბობს, რომ 400-ზე მეტი კონტაქტიდან დიდი ნაწილი უკვე შემოწმდა.
„რა თქმა უნდა, კონტაქტების კონტაქტები გაიზარდა და უკვე 400-ზე მეტი კონტაქტია, ნახევარზე მეტი გაიტესტა და პასუხებს კიდევ ველოდებით“ , – განაცხადა ქობულეთის მერმა.