ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი კონტაქტები კარანტინში გადაიყვანეს
ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი კონტაქტები კარანტინში გადაიყვანეს

​კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა არ უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 პირი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სამი კი, თვითიზოლაციაში რჩება.

ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 26 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.