ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისა და დასაქმებულთა საერთაშორისო ნორმებით დაცვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა იმართება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, აქცია-მსვლელობა – „მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“ მიმდინარეობს.
მსვლელობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები მონაწილეობენ, რომლებიც აქციაზე სიმბოლურად, მუშებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტებით და დროშებით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნასა და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ.
პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, აუცილებელია დასაქმებული ადამიანების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით იქნენ დაცული.
„საზოგადოება კარგად ხედავს რამდენ ადამიანს აინტერესებს საქართველოში ის, რომ შრომა იყოს უსაფრთხო. 2006 წლიდან არც ერთი ტრიბუნა არ დაუტოვებია პროფკავშირებს და ეს არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის ანალიტიკურად მიწოდება საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის დამაჯერებელი ინფორმაციისა, რომ არ შეიძლება სიხარბით და ველური კაპიტალიზმით შენდებოდეს ქვეყანა. ეკონომიკური პარამეტრებიც, ბიუჯეტის სიმცირეც, საზოგადოების სიდუხჭირეც მიუთითებს იმაზე, რომ მართალი ვიყავით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციაზე მისული ხალხი ერთი პროცენტიც კი არ არის იმისა, ვინც მზადაა გამოვიდეს და უკმაყოფილება გამოხატოს.
აქციაზე სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე მუშების დაღუპვასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერთი მუშა „პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობისას დაიღუპა. შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. აქციის მონაწილეებმა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს.