ქილა, რომელსაც ინგლისელი მამაკაცი კბილის ჯაგრისების ჩასაწყობად იყენებდა, ინდის ხეობის უძველესი კერამიკა აღმოჩნდა
ქილა, რომელსაც ინგლისელი მამაკაცი კბილის ჯაგრისების ჩასაწყობად იყენებდა, ინდის ხეობის უძველესი კერამიკა აღმოჩნდა

როცა ინგლისელმა კარლ მარტინმა ძველმანების ბაზრობაზე ორი პატარა ქოთანი 4 დოლარად იყიდა, ერთადერთი, რაც მას სურდა, ლამაზი ქილა იყი კბილის ჯაგრისების ჩასაწყობად. სწორედ ამ დანიშნულებით იყენებდა პატარა ქილას ის ხუთი წლის განმავლობაში.

წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როცა ანტილოპას გამოსახულებიანი ეს ქილა უძველესი არტეფაქტი აღმოჩნდა, რომელიც 4000 წლის წინ, ინდის ხეობაში მცხოვრებ ჰარაპას ცივილიზაციას ეკუთვნის.

„ის სააბაზანოში მედგა და შიგ ვაწყობდი ჩემს კბილის პასტას და ჯაგრისებს. რამდენიმე ადგილას ქილას კბილის პასტის კვალიც კი ეტყობა“, — ამბობს მარტინი.

საინტერესო ის არის, რომ მარტინი აუქციონერებთან მუშაობს და მუდმივი შეხება აქვს არტეფაქტებთან, თუმცა, ვერც კი იფიქრა, რომ სახლში შესაძლოა, ნამდვილი განძი ჰქონოდა.

როგორც იგი იხსენებს, ერთ დღესაც, როცა ის ანტიკვარიატის ექსპერტ ჯეიმს ბრენჩლისთან მუშაობდა და ვაგონიდან არტეფაქტებს ცლიდა, შენიშნა კერამიკა, რომელიც ძალიან ჰგავდა მისი კბილის ჯაგრისების ქილას. მსგავსი იყო ნახატების სტილი და ცხოველებიც.

შესაფასებლად ნივთი მან სასწრაფოდ ბრენჩლისთან წაიღო. მკვლევარმა დაადგინა, რომ ქილა ინდის ხეობიდან იყო, კონკრეტულად თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიიდან და მიეკუთვნებოდა ძვ. წ. 1900 წელს.

ბრინჯაოს ხანაში, ინდის ხეობა ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული აკვანი იყო, ეგვიპტესთან და მესოპოტამიასთან ერთად. ვრცელდებოდა თანამედროვე პაკისტანისა და ნაწილობრივ ავღანეთის ტერიტორიებზე.

იმის გამო, რომ ეს ცივილიზაცია ასეთ ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და ჩვენამდე კარგად მოაღწია მრავალმა ნანგრევმა, არქეოლოგებს ის კარგად აქვთ შესწავლილი.

კიდევ უფრო იდუმალი ამბავია, თუ როგორ აღმოჩნდა ეს უძველესი არტეფაქტი ძველმანების ბაზრობაზე. ბრენჩის სჯერა, რომ მრავალი წლის წინ, ის მოგზაურებმა იპოვეს და ინგლისში ჩამოიტანეს. სხვა ახსნა ამ ეტაპზე არ არსებობს.

მომზადებულია hansonsauctioneers.co.uk-ის მიხედვით.