ქეთი ხუციშვილი - ერთ-ერთი პრობლემაა, რომ OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებები არ სრულდება 
ქეთი ხუციშვილი - ერთ-ერთი პრობლემაა, რომ OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებები არ სრულდება 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღება არ მოხდა, – ამის შესახებ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა ჟურნალისტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე სამიტზე განუცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით არსებული ორი ძირითადი პრობლემა გამოკვეთეს, ვალდებულებების გარკვეულწილად ფორმალური ხასიათი და მათი არ შესრულებაა.

მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა, საკმარისად ამბიციურ ვალდებულებებს არ იღებს ხელისუფლება და ამიტომ ხშირად, ერთი და იგივე ვალდებულებები ერთი გეგმიდან მეორეში გადადის  და გარკვეულ ფორმალურ ხასიათს იღებს. მეორე პრობლემა ისაა, რომ აღებული ვალდებულებებიც არ სრულდება. მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლების კანონი, რომელიც აღებული იყო როგორც ვალდებულება რამდენიმე წლის წინ, მისი მიღება არ მოხდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ამ მიმართულებით კოორდინაცია არ არის, თუმცა კონკრეტული შეთავაზებები ხშირად საბოლოო გეგმაში არ აისახება ან აისახება, მაგრამ არ სრულდება.

„რომ ვთქვათ, რომ კოორდინაცია და შეხვედრები არ არის სამინისტროსთან, არ იქნება სწორი. არის და ეს ჯგუფი ერთად მუშაობს, მაგრამ ძალიან ბევრი თემა, რომელიც შეთავაზებულია ამ ჯგუფის მიერ, ან აღარ აღწევს საბოლოო გეგმამდე, ან აღწევს, მაგრამ საბოლოოდ არ სრულდება.

„მაგალითისთვის შემიძლია, დავასახელო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, იყო საგანგებო მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც წელს სამწუხაროდ სამოქმედო გეგმაში არ შევიდა. ამიტომ მივმართეთ პრემიერს ერთობლივად, რომ პასუხისმგებლობა გადავიდეს ან უშუალოდ მის ადმინისტრაციაზე, ან სხვა სტრუქტურაზე, რადგან ძალიან გართულდა ურთიერთობა. არ მინდა ყველაფერი ერთ ადამიანს დავაბრალო, მაგრამ იცით, რომ მისი გადადგომა მოვითხოვეთ. მას აქვს დადებითი შედეგები, მაგრამ ახალ გამოწვევებს ვერ პასუხობს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ასევე, მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ არის სერიოზული დადებითი შედეგებიც, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება და ა.შ.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ამასთან, „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართეს, რათა მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, პრემიერმა იცოდეს გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც, საქართველო, როგორც ამ პარტნიორობის წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა დგას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. „სამომავლოდ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი“, – ნათქვამია მიმართვაში.