ქეთევან ნატრიაშვილი - პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ბევრი აქტივობაა დაგეგმილი
სახელმწიფო სრულად აფინანსებს ნებისმიერი ადამიანის სწავლას, ვინც სახელმწიფოს მიერ, ან მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება, ტესტირების მინიმალურ ზღვარს გადალახავს და სტუდენტი გახდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სწავლის დასაფინანსებლად ბიუჯეტში დაახლოებით, 42 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომელშიც შედის ასევე პროფესიული განათლების დაფინანსება.
როგორც ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა, რეფორმის განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, რათა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.
„მაგალითად, ვმუშაობთ რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებაზე და გათვალისწინებული გვაქვს კონკრეტული სასწავლებლების, ფილიალების, ან ახალი სასწავლებლების განვითარება. კასპში პროფესიული სასწავლებლის, კოლეჯის მშენებლობა იწყება, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი რესურსებია გათვალისწინებული. გარკვეული ხარჯებია ასევე მოდულურ მიდგომასთან დაკავშირებით, რომელზეც გადავდივართ“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შარშან დაიწყო და წელსაც გრძელდება პროფესიული უნარების პროგრამის განხორციელება, რომელიც კოლეჯებისა და სკოლებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ის ბავშვებს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს და კონკრეტულ პროფესიებთან მიმართებით, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„პროგრამა სახალისო აქტივობების მეშვეობით ინფორმაციის მოსწავლეებამდე მიტანასა და მათთვის პროფესიის მოსინჯვის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს. ამ პროექტს სკოლებიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბავშვებს შეუძლიათ, რეალურად მოსინჯონ, როგორია იყო მზარეული, რასთან არის დაკავშირებული შედუღება და ა.შ“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ამჟამად გამოცხადებულია კონკურსი, რომლის შესახებაც ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
„კოლეჯები სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ძალიან არიან დაინტერესებული და მინდა, დაინტერესებულ სკოლებს ვუთხრა, კოლეჯებთან იპარტნიორონ, მათთან ერთად განაცხადი შეავსონ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართონ“, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.