ქეთევან ნატრიაშვილი - კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ზოგად და უმაღლეს განათლებასთან პროფესიული განათლების კავშირი გაუმჯობესდეს
მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში სწავლას იგივე მიმართულებით გააგრძელებს, კრედიტების აღიარება უნდა შეეძლოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ კანონპროექტის განხილვა წელს, საგაზაფხულო სესიაზე მოხდება. კანონპროექტის ერთ–ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ პროფესიული განათლება ჩიხი აღარ იყოს, ანუ ზოგად და უმაღლეს განათლებასთან მისი კავშირი უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.
მისი თქმით, თვითნასწავლი პირებისთვის, რომლებსაც სურთ, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავონ, იწყება პილოტირება, ანუ არაფორმალური განათლების აღიარება.
„პილოტირების ფარგლებში მათი ცოდნის დადგენა მოხდება, პროგრამასთან შეფარდება და თვითნასწავლ პირებს მხოლოდ დანაკლისის მოდულების გავლა მოუწევთ, ხოლო თუ დანაკლისი არ არის, შესაძლოა, ისინი კონკრეტულ დიპლომზე გავიდნენ“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ გადაცემაში სტუმრად მყოფ, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტს, გიგლა მიქაუტაძესაც უპასუხა, რომელმაც იკითხა, სად უნდა ნახონ აბიტურიენტებმა დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმაცია, რათა არჩევანი სწორედ ასეთ პროფესიებზე გააკეთონ.
„ამის შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტებს პროფესიული სასწავლებლები რეგისტრაციის პროცესში აძლევენ და ამავდროულად, არსებობს პორტალი, vet.ge, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად იძლევა. არსებობს ასევე worknet.gov.ge, რომელიც ინფორმაციას ვაკანსიებთან დაკავშირებით იძლევა“, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.