ქეთევან მსხილაძე - უშუალოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული რომ გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის შემცირება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უშუალოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული რომ გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, ეს მისი დამოუკიდებლობის შემცირება იქნება.
„ახლა არსებული დაფინანსების სქემა პრინციპში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეტ-ნაკლებ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. უშუალოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული რომ გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის შემცირება, შესუსტება და არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი გამოსავალი. ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება და ეს კანონშიც იყო თავის დროზე გათვალისწინებული, ეს გარდამავალ დებულებებშია, რომ ამ ტიპის დაფინანსება რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს არის დროებითი ზომა და თანდათან მაუწყებელმა უნდა შეცვალოს დაფინანსების რეჟიმი. ამაში, როგორც ვიცი, მოიაზრება დიდი ბრიტანეთის, „ბი-ბი-სი“-ს მოდელი, როდესაც მოქალაქეები თავისი ჯიბიდან იხდიან საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაფინანსებელ ფულს“, – განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.
ამასთან, ქეთევან მსხილაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის კანონპროექტი არასდროს მიუღია უმრავლესობას მხედველობაში“ და ის ეჭვობს, რომ დღეს მიიღონ მხედველობაში.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.