სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების გზებს განიხილავენ
შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებლები აცნობიერებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს განცხადება მინისტრმა ჩართულობის სახელმწიფო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზები განიხილება.
მისი განმარტებით, ჩართულობის სახელმწიფო კომისია არის უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატი, რომლის მიზანი შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობაა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი სამშვიდობო ინიციატივის არამხოლოდ მიღება, არამედ იმპლემენტაცია.
„სამშვიდობო ინიციატივას გააჩნია ინფრასტრუქტურული და ფინანსური კომპონენტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები და დაიგეგმოს უწყებების მიხედვით ჩართულობის სამოქმედო გეგმა. ეს ინიციატივები მოიცავს ძალიან ბევრ სიკეთეზე ხელმისაწვდომობას. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომელიც იძლევა საშუალებას, ჰუმანიტარული საკითხები გადაწყდეს სტატუსის თემებთან შეხების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც გულისხმობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრი მოხარულია, რომ ინიციატივას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში, მათ შორის საექსპერტო წრეებში, ამ ინიციატივას აქვს მხარდაჭერა. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ადამიანები, რომელთა კეთილდღეობისკენაც არის მიმართული ეს პაკეტი, გააცნობიერებენ და ჩაერთვებიან ამ შესაძლებლობების გამოყენებაში. ამ პაკეტის გასაჯაროებას წინ უძღოდა ძალიან ხანგრძლივი პროცესი კონსულტაციებისა, სხვადასხვა ჯგუფებთან და ადამიანებთან და ნამდვილად ვიცი, რომ არსებობს რაციონალური ინტერესი.
ჩვენი საერთო ამოცანაა, ამ საკითხის გადაჭრა შევძლოთ პოლიტიზების გარეშეც. დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვანი და კომპლექსური ნაბიჯით, შესაძლებელი იქნება, ბევრი ადამიანისთვის იმ შედეგის მოტანა, რაზეც ეს ნაბიჯები გახლავთ გათვლილი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა გულისხმობს ჩართულობის არაპოლიტიზებულ ფორმატებს, მათ შორის მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატია.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აღიქვან ეს წინადადებების პაკეტი ზუსტად ისე, როგორც არის მომზადებული. ეს გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა მხარეებს შორის ჩართულობის არაპოლიტიზებულ ფორმატებს, მათ შორის მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.