ქეთევან ციხელაშვილი - უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს ჯანდაცვის სერვისები სჭირდებათ და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა
ქეთევან ციხელაშვილი - უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს ჯანდაცვის სერვისები სჭირდებათ და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა

უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, 4 სექტემბრიდან დღემდე, რეჟიმის ამგვარ მიდგომებს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

4 სექტემბრიდან – ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე ფაქტობრივად ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აი ამ რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება. რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა“, – აცხადებს ციხელაშვილი.

მან მოუწოდა გადაწყვეტილების ყველა მიმღებს, ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება.

„დღესაც, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია. ასევე, მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების.

თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება და ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა გადარჩენილი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.