ქეთევან ციხელაშვილი - ის, რასაც ანატოლი ბიბილოვი „უსაფრთხოების ზომებს“ უკავშირებს, რეალურად ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაცია და თავისუფლების შეზღუდვაა
ეს არის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ის, რასაც ბიბილოვი „უსაფრთხოების ზომებს“ უკავშირებს, რეალურად ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაცია და თავისუფლების შეზღუდვაა. მავთულხლართების გასწვრივ, ციხელაშვილის თქმით, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა.
„ჩვენი ნებისმიერი მოქმედება იქნება ამ ნაბიჯის პრევენციისა და უკუქცევისკენ და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ამ მახინჯ ხელოვნურ ბარიკადების დემონტაჟი მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – აცხადებს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის განმტკიცებას გააგრძელებს.