ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან ერთად გამყოფი ხაზის მიმდებარედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა
პატარები არის ჩვენი მომავალი, მათ მშვიდობიან, განვითარებულ და გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვრონ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მოადგილესთან ლია გიგაურთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საბავშვო ბაღს და კარალეთის N1 და N2 ბაღებს ესტუმრა. ქეთევან ციხელაშვილმა საბავშვო ბაღებს მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ყველაზე მეტად აქ სჭირდებათ ამ ადამიანებს მხარდაჭერა, რომ დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე, გაზარდონ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები და რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლოთ მშვიდობიანი გზებით ჩვენი მთავარი გამოწვევის – აი ამ სოფლების დაშორიშორების და დაყოფის დასრულება, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანების გზით“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, პაატა ივანიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ქვეშის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამებსა და შეღავათებზე ისაუბრეს.
ლია გიგაურმა ახლად რეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირებული სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა. სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.