გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ ონლაინშეხვედრა გამართა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ ონლაინშეხვედრა გამართა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ონლაინშეხვედრა გაიმართა.

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.

შეხვედრაზე კომისიის გადაწყვეტილებების ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე იმსჯელეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღინიშნა, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ხაზი გაესვა გამყოფი ხაზის სოფლებში რეგულარული სამუშაო ვიზიტების გაგრძელების მნიშვნელობას.

კომისიის სხდომაზე მოისმინეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შედეგების საკითხი. აღინიშნა, რომ სწავლის დაფინანსების პროგრამის განხორციელების პროცესში პირველად იქნა გამოყენებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სტუდენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი იმ მიზნით, რომ მეტად ამაღლდეს პროცესების მართვის ეფექტიანობა და სტუდენტებს დაფინანსების პროგრამაში ჩართვა გაუმარტივდეთ.

ასევე განიხილეს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის საკითხი და ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.