თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო, ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ფინანსური მექანიზმის, „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით მიმდინარეობს
ნდობის აღდგენისა და დიალოგის, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვისა და მათ შორის ინტერაქციის წახალისების მიზნისკენ არის მიმართული სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტული განზომილებებიც, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო, ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული უნიკალური ფინანსური მექანიზმის, „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, ფონდის საქმიანობა 2020 წლის ბოლოს შემოსული 27 ბიზნესგანაცხადით დაიწყო და დღემდე გამოცხადებული ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 350 განაცხადზე გავრცელდა. მათ შორის, წელს შემოსული კვალიფიციური განაცხადების რაოდენობა 129-ს შეადგენს, ხოლო, ჯამურად, დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების რიცხვი 100-ს აღწევს. ჩვენი ინიცირებით, წელს ცვლილებები განხორციელდა გრანტების შესახებ კანონში და, ამგვარად, ფონდს, ფიზიკური პირების დაფინანსების გარდა, საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიენიჭა. აღნიშნული განვითარება ასევე შესაძლებელს გახდის, ეტაპობრივად, მცირე და საშუალო ზომის ერთობლივი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ბიზნესპროექტების დაფინანსებას. მისასალმებელია, რომ, ფონდის წარმატებული საქმიანობის კვალდაკვალ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს საგრანტო კუთხით გამოყოფილი დახმარება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
თეა ახვლედიანის პარლამენტში გამოსვლის ტექსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.