ქეთევან ციხელაშვილი - ხურვალეთთან ე.წ. საგუშაგოს მშენებლობა დემონსტრირებაა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანებს ყოველდღიურად ებრძვის
სოფელ ხურვალეთთან მოსახლეობის კარმიდამოში მავთულხლართების გავლება და შემდეგ კონსტრუქციის დამონტაჟება დემონსტრირებაა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანებს ყოველდღიურად ებრძვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე სამუშაოებს ქართული მხარე დღეს ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს.
„დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება, სადაც ქართული მხარე ძალიან ბევრ მწვავე საკითხთან ერთად, სწორედ ამ ხელოვნური ბარიკადების, მათ შორის ე.წ. საგუშაგოს მშენებლობის საკითხს დააყენებს.ხურვალეთთან მართულხლართების მშენებლობა მოსახლეობის კარმიდამოში და შემდეგ შემაღლებული რაღაც კონსტრუქციის დაყენება დემონსტრირებაა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანებს ებრძვის ყოველდღიურად. არანაირი სამხედრო სტრატეგიული დანიშნულება ამ ობიექტებს არ აქვს. ერთადერთი დანიშნულება არის ზეწოლა მოსახლეობაზე და უმეტესწილად, სწორედ ჩვენს ოს მოსახლეობაზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ მხარეს ცხოვრობენ და ცდილობენ, რამენაირად წვდომა ჰქონდეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, ამის მიზანია, მეტად შეიზღუდოს ადგილობრივების გადაადგილება, რაც მათი სასიცოცხლო ინტერესებისა და საჭიროებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
„ამ პროცესიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ეს არის ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, დღეს დილიდან ისევ განაახლეს.
ამასთან, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა ხურვალეთთან მიმდინარე სამუშაოები იქნება.