ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია 12 საკითხის განხილვა.

ასევე, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტების მიერ მიმდინარე სამუშაოები.

„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს, ასევე ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელ კითხვებზე. განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემაა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული ხელოვნური შეზღუდვები. ხურვალეთთან მიმდინარე სამუშაოები ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა ანთაძემ.

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყეს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.