ქეთევან ციხელაშვილი - კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვადასტურებ მზაობას, დავეხმაროთ ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებს
ქეთევან ციხელაშვილი - კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვადასტურებ მზაობას, დავეხმაროთ ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და ახლა მუშაობს, რათა ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მინდა, იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებს. ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს, რათა ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორსა და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია. არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ინფექციის გავრცელების ძალიან რეალურ საფრთხეს. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.