ქეთევან ციხელაშვილი კელი დეგნანს კორონავირუსის საფრთხის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების შესახებ ესაუბრა
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს დისტანციური წესით, ვიდეოზარით ესაუბრა.
საუბარი შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკასა და მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებს შეეხო. ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ.
მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, რომელიც ამ დრომდე აფხაზეთის რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით.
საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომ სავარაუდო რაუნდს, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მის სამომავლო განხორციელებას იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კელი დეგნანმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.
საუბრისას ასევე განხილული იყო სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით. ამ მხრივ, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული დახმარებისთვის. მათ შორის „იუესეიდის“ მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი საინფორმაციო მასალის დამზადებაში შეტანილი წვლილისთვის.
საუბრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.