ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-ის რეზოლუციაში გაკეთებული აქცენტები საქართველოს რეგიონში მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად აღიარებს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს შესახებ ინიცირებულ რეზოლუციაში გაკეთებული აქცენტები საქართველოს რეგიონში მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად აღიარებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუციის ინიცირება მხარდაჭერის მაქსიმალური გამოხატულებაა.
„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რაც არის გაკეთებული უშუალოდ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს აღიარებს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად რეგიონში. ასევე ხაზი ესმევა იმ მთავარ გამოწვევებს, რომელთა დაძლევა აუცილებელია. ეს არის განგრძობითი ოკუპაცია, ადამიანის უფლებათა რეგულარული დარღვევები. ამის ფონზე ყველაზე მძიმე შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში – ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებიდან გამომდინარე და მიანიშნებს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით.“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის პრევენციისთვის, რომ საქართველო უკანონობისა და უსამართლობის მსხვერპლი იყოს.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ასეთ ძალისხმევათა ერთობლიობითა და სამშვიდობო პოლიტიკით საქართველო მიაღწევს შედეგს – ქვეყნის გამთლიანებას.
24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.