ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება.

„აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება დაუყოვნებლივ და უპირობოდ. ამაში ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებიც პერსონალურად. ყველა ძალისხმევა გახლავთ აქეთკენ მიმართული, რომ ეს უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელიც მოხდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. ამასთან, ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

„აუცილებელია, ჩატარდეს დაუყოვნებლივ ექსპერტიზა, რაც მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ის დაუყოვნებლივ იქნება გადმოსვენებული“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირის გასათავისუფლებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.