ქეთევან ციხელაშვილი - აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების უდიდესი სიმბოლო, ახლა სიცოცხლის გამარჯვებისთვის თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა
ქეთევან ციხელაშვილი - აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების უდიდესი სიმბოლო, ახლა სიცოცხლის გამარჯვებისთვის თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა

აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების უდიდესი სიმბოლო, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლის გამარჯვებისათვის თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა დამდეგი დღესასწაული მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რომლებიც აღდგომას ხვალ ზეიმობენ.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს საქართველოში, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენს დევნილებს, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზების გასწვრივ, ვუსურვებ მათ და თითოეულ ჩვენგანს ჯანმრთელობას, მხნეობას, მალე და მშვიდობიანად იმ უსამართლობის დასრულებას, რასაც დღეს ზურგს ტანკები და მავთულხლართები უმაგრებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ამ მთავარ გამოწვევას ისევე როგორც სხვა მიმდინარე გამოწვევას და მთელი მსოფლიოს გამოწვევას, ამ პანდემიას წარმატებით გავუმკლავდებით. ოღონდ ამისთვის ახლა თითოეული ჩვენგანის მოქმედება არის გადამწყვეტი. აღდგომა ხომ არის სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების უდიდესი სიმბოლო, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლის გამარჯვებისათვის თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. მე, როგორც ერთი ადამიანი, როგორც აღდგომის დღესასწაულის სიხარულის თანაზიარი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, დარჩი სახლში. მოვუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახებს, ერთმანეთსა და ჩვენ ქვეყანას. ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.