ქეთევან ჩაჩავა - მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მიადგეს პროცესის მთლიანობას
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა დღეს სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.
ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
„მედიააკრედიტაციის არმქონე პირების მხრიდან იყო უბანზე ყოფნის მცდელობა, დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევა“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
მისივე თქმით, მარნეულის N22 ოლქის N68 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საკუთარი მოვალეობის შესრულების პროცესში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დამკვირვებლისთვის საკუთარი მანდატის განხორციელებისთვის ხელის შეშლა საარჩევნო კოდექსის დარღვევას წარმოადგენს, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა შესაძლოა სიახლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მთლიანობას, გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ შუალედურ არჩევნებს საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდებოდა. სადამკვირვებლო მისია პროცესის მონიტორინგს ხმების შეჯამებამდე გააგრძელებს, საბოლოო ანგარიშს კი ხვალ წარადგენს.