ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას დასავლური მედია ეხმაურება
ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას დასავლური მედია ეხმაურება. „ბიბისი“ წერს, რომ თბილისში განხორციელებული თავდასხმის დროს, ლექსო ლაშქარავას სახის მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოდან გაწერეს.
ბრიტანული ტელეკომპანიის ინტერნეტგამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ ძალიან კონსერვატიულია.
„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.
გერმანული „დოიჩე ველეს“ თანახმად, ქართველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ულტრა-მემარჯვენე ადამიანების ჯგუფმა სცემა, რომელიც გარდაიცვალა, რის გამოც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოებების მიმართ ძალადობამ აიძულა ორგანიზატორები დაგეგმილი მარში გაეუქმებინათ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა. გერმანული გამოცემის მიხედვით, კრიტიკოსებმა ასევე დაადანაშაულეს ღარიბაშვილის მმართველი პარტია ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების ჩუმად მხარდაჭერაში.
„ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე, ანტი-ლგბტქ ბრბოს თავდასხმის შემდეგ დაიღუპა“,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“. გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ რაც ათობით ჟურნალისტს პრაიდის პროტესტის გაშუქებისას თავს დაესხნენ, საქართველოს მთავრობა „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.