უცხოური მედია ბათუმის ტრაგედიის შესახებ
უცხოური მედია ბათუმის ტრაგედიის შესახებ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს უცხოური მედია ეხმაურება. BBC საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 21 ადამიანი.

BBC

BBC საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტიდან თბილისის ნაცვლად  პირდაპირ ბათუმში გაემგზავრა.

„მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში, მან თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და პირობა დადო, რომ გამოძიება ხანძრის მიზეზს გაარკვევს“, – წერს BBC.

 

Timeofisrael.com

ბათუმში „ლეოგრანდის“ ხანძარს ეხმაურება Timeofisrael.com, რომელიც წერს, რომ შემთხვევის შედეგად, ისრაელის ერთი მოქალაქე დაშავდა.

Timeofisrael.com ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

The guardian

ბათუმის ხანძრის შესახებ წერს Theguardian. გამოცემა აღნიშნავს, რომ სასტუმროში ხანძრის ჩასაქრობად 16 სახანძრო ეკიპაჟი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

Deutsche Welle

გერმანული Deutsche Welle აღნიშნავს, რომ ბათუმის სასტუმროში ხანძრის დროს სილამაზის კონკურსის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

მედიასაშუალება წერს, რომ გარდაცვლილთა შორის ერთი ირანის მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი არიან ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეები.

„ხანძრის ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა, სახანძრო რეგულაციების გაუმართაობა ყოფილიყო“, – წერს deutsche welle.

 

Sabah.com

ლეოგრანდში“ ხანძარზე თურქული მედიაც წერს. გამოცემა sabah.com აღნიშნავს, რომ ბათუმში ხანძარი გაჩნდა თურქი ბიზნესმენის ეროლ ავგორენის კუთვნილ სასტუმროში.

„ ხანძარი სასტუმროს საქვაბეში აფეთქებამ გამოიწვია და კვამლი ძალიან მალე ზედა სართულებზე გავრცელდა“, – წერს გამოცემა.

 

 

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.